ლევან კობიაშვილი - საქართველოში უკვე უეფა-ს ყველაზე მაღალი სტანდარტის ოთხი სტადიონი გვაქვს #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - საქართველოში უკვე უეფა-ს ყველაზე მაღალი სტანდარტის ოთხი სტადიონი გვაქვს #1TVSPORT

უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისათვის თბილისში, მიხეილ მესხისა და ბორის პაიჭაძის სახელობის არენებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ბაღათურიამ დაათვალიერეს.

საქართველოში უეფა-ს 21-წლამდელ ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს: თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონებს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს და საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონებს თბილისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.

სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფა-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

„უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში ტარდება, რაც ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ სპორტული, არამედ ინფრასტრუქტურული კუთხით. გაკეთდა მიხეილ მესხის სტადიონი, დინამო არენა, შენგელია არენა და სავარჯიშო ცენტრები სხვა ქალაქებში. ეს არის ძალიან დიდი შენაძენი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო და მოგვცა საშუალება, თამამად ვთქვათ, რომ ქვეყანაში უეფა-ს ყველაზე მაღალი სტანდარტის, მეოთხე კატეგორიის ოთხი სტადიონი გვაქვს. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და ამაყი ვარ, რომ ერთობლივად ვუმასპინძლებთ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირს“, – ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

იოსებ ბაღათურია, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე: „სპორტის სამინისტრო მაქსიმალურად ეფექტურად თანამშრომლობდა ყველა უწყებასთან, რომელიც ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებში იყო ჩართული. ხელს ვუწყობდით ინფრასტრქუტურის სამინისტიროს, რომ მასშტაბური სამუშაოები უმოკლეს ვადაში დასრულებულიყო. სხვანაირად ვერც მოხდებოდა, რადგან ყველა უწყება მობილიზებულია, რათა საქართველომ ტურნირს ღირსეულად უმასპინძლოს“.