ერთ დღეში რამდენიმე მეპატრონემ ბინის გაყიდვა გადაიფიქრა - "ლიბერტეს" დირექტორი
Loading data...

ერთ დღეში რამდენიმე მეპატრონემ ბინის გაყიდვა გადაიფიქრა - "ლიბერტეს" დირექტორი

 ნინო პეტრიაშვილი

"ბოლო ერთი დღის განმავლობაში რამდენიმე ბინის გამყიდველმა მოგვმართა და გვითხრა, რომ ბინის გაყიდვას აჩერებენ", - ამის შესახებ "ლიბერტეს" დირექტორმა ნინო პეტრიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, "რუსული კანონის" მიღების, ქართული ბანკების აქციების შემცირებისა და ლარის გაუფასურების შემდეგ, ბაზარზე გაურკვევლობა შეიქმნა.

"პროგნოზირებადი არ არის, არ ვიცით, რა იქნება ხვალ და ზეგ. მყიდველი, ვისაც უკვე ხელში უჭირავს გარკვეული თანხა, ცდილობს სწრაფად შეიძინოს ბინა, რადგან მათი აზრით, შეიძლება უფრო გაძვირდეს. ჩემი აზრით, ალბათ, არ გაძვირდება, რადგან გაყიდვები შემცირდება. არსებული ვითარება აუცილებლად იქონიებს გავლენას ადამიანებზე, რადგან ბანკების აქციები დავარდა. ეს თავისთავად თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დარეგულირდება და გამოსავალს ნახავს მთავრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბინების გაყიდვები შემცირდება, გაურკვევლობა გაიზრდება", - აღნიშნა ნინო პეტრიაშვილმა.

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტის“ პარტნიორის ლევან ელიზბარაშვილის ინფორმაციით, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით მომხმარებლების 40% ბინის შეძენისგან დროებით თავს იკავებს.