რა წერია ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოში - საქართველოში შესაძლოა, “შავი ფულის” გადმოიტანონ
Loading data...

რა წერია ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოში - საქართველოში შესაძლოა, “შავი ფულის” გადმოიტანონ

პრეზიდენტი

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები საგადასახადო კოდექსში ოფშორული ზონებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილმა ამ კანონპროექტს ვეტო 2024 წლის 3 მაისს დაადო, ახლა კი პარლამენტის ვებგვერდზე მისი მოტივირებული შენიშვნები გამოქვეყნდა.

სალომე ზურაბიშვილი მიუთითებს, რომ ეს კანონი წარმოშობს მთელ რიგ რისკებს საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნულია, რომ დარგის ექსპერტთა აზრით, ეს შეღავათი აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოში მოხდეს რუსეთის ფედერაციიდან ოფშორებში გატანილი “შავი ფულისა” და აქტივების საქართველოში გადმოტანა, რაც “მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, დააზიანებს და გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ასევე როგორც არაერთი სპეციალისტი მიუთითებს, ცვლილებები შესაძლოა იქცეს რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საბაბად.”

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში ხაზგასმულია, რომ კანონი ასევე აწესებს დისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების ადგილწარმოშობის მიხედვით, როდესაც ოფშორული ზონის პირი შეღავათით სარგებლობს, სხვა ქვეყანაში დაფუძნებულ პირებს, მათ შორის ქართულ იურიდიულ პირებს კი გადასახადების გადახდა მოუწევთ.

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეფუძნება, არის კანონპროექტის ეკონომიკური დასაბუთების ნაწილის არარსებობა. საქმე ისაა, რომ პარლამენტის უმრავლესობამ საგადასახადო შეღავათების განხილვისას არ წარადგინა არცერთი რიცხვი თუ მონაცემი იმის შესახებ თუ რა მოცულობის გადასახადებს არ მიიღებს საქართველოს ბიუჯეტი ამ შეღავათების დაწესებით.

“არ იქნა წარმოდგენილი სათანადო ფინანსური დასაბუთება, თუნდაც ის თუ რა ფინანსურ სარგებელს მოიტანს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, რა რისკებს შეიცავს და რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ქვეყნისთვის პარლამენტის მიერ მიღებულ ამ ცვლილებებს,”- ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

საქართველოს პარლამენტმა 19 აპრილს დაჩქარებული წესით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას. კანონპროექტის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან და ის დაჩქარებულ რეჟიმში განიხილეს. ცვლილებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო. კანონის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება, თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.

ოპოზიციის წევრების შეფასებით, კანონი მთელ რიგ კითხვებს ბადებს საქართველოს ოფშორულ ზონად გადაკეთებისა და საეჭვო წარმომავლობის თანხებისთვის ქვეყნის კარის გახსნის მიმართულებით. ასევე დეპუტატთა შეფასებით, კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონი ბანანის რესპუბლიკად ქცევისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ოფშორების საგადასახადო შეღავათები პარლამენტმა სხვა საგადასახადო შეღავათებთან ერთად, ერთ კანონპროექტში გააერთიანა. კერძოდ კი მისი მეშვეობით მოხდა ფიზიკური პირებისთვის 2021 წლამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, რაც დაახლოებით 145 ათასი მოქალაქისთვის 600 მილიონი ლარის საგადასახადო ვალის ჩამოწერას მოიცავს. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის აღნიშნულ ნაწილს არ ეხება.